საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ძვირფასო სტუმარო,

ჩემთვის უდიდესი პატივია წარმოვადგენდე საქართველოს ესტონეთში.

საქართველო მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქრისტიანული ქვეყანაა, რომელიც მუდმივად გამოირჩეოდა თავისი კულტურითა და ტრადიციებით. დღეს ჩვენი ქვეყანა თანმიმდევრულად მიისწრაფვის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწვერიანებისაკენ.

ესტონეთთან ჩვენ უპირველეს ყოვლისა თავისუფლების სიყვარული, დამოუკიდებლობისათვის შეუპოვარი ბრძოლა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი პატივისცემა გვაერთიანებს. ესტონეთმა შეძლო სამაგალითოდ მოეხდინა ქვეყნის ტრანსფორმაცია ევროპის კავშირამდე მიმავალ გზაზე და დღეს ნატო-სა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა.

საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანია როგორც ესტონეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა ასევე საქართველოში მიმდინარე რეფორმებში ესტონური წარმატებული გამოცდილების გაზიარება, რაშიც ჩვენი ესტონელი კოლეგები აქტიურად გვეხმარებიან.

განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო ესტონეთის მხრიდან საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის აქტიური მხარდაჭერა, მათ შორის გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ჩვენ ასევე არასდროს დაგვავიწყდება 2008 წელის აგვისტოში, საქართველოს მიმართ რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის დროს, ესტონეთის პრეზიდენტის ტოომას ჰენდრიკ ილვესის თბილისში ჩამოსლვა და ქართველ ერსთვის იმ უმძიმეს დღეებში ჩვენს გვერდში დგომა.

საელჩოს უმთავრესი მიზანია საქართველოსა და მისი მოქალაქეების ინტერესების დაცვა. ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა კი, მიმართულია საქართველოსა და ესტონეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა პრიორიტეტული მიმართულებებით არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერებისაკენ.

გმადლობთ, რომ ეწვიეთ ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდს. ვიმედოვნებთ, ის ხელს შეგიწყობთ გაეცნოთ ინფორმაციას საქართველო-ესტონეთის ურთიერთობებისა და საქართველოს საელჩოს საქმიანობის შესახებ. ამ მიზნით გთავაზობთ ასევე ეწვიოთ ჩვენს ფეისბუკისა და ტვიტერის გვერდებს. 

არჩილ ყარაულაშვილი
საქართველოს ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში