საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ტალინში ქართული ფილმის "შინდისი" ჩვენება გაიმართა

რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 12 წლისთავთან დაკავშირებით, 7 აგვისტოს, ტალინის კინო „არტის“-ში, დიმიტრი ცინცაძის ფილმის „შინდისის“ ჩვენება გაიმართა. კინოჩვენება ესტონეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით შედგა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, არჩილ ყარაულაშვილმა და ესტონეთის პარლამენტის პრეზიდენტმა, ჰენნ პილლუაასმა.

არჩილ ყარაულაშვილმა, დამსწრე საზოგადოების წარუდგინა ფილმი "შინდისი" და ისაუბრა 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისში განვითარებულ მოვლენებზე, ასევე, ზოგადად, 12 წლის წინ საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიასა და მის შედეგებზე, საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის ჩათვლით. საუბრისას ელჩმა მიმოიხილა საქართველოში უსაფრთხოების კუთხით დღესდღეობით არსებული მდგომარეობა და ხაზი გაუსვა, რომ ომიდან 12 წლის შემდეგ, საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოების სამშვიდობო ძალისხმევის მიუხედავად, კვლავ გრძელდება საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსია, კვლავ მიმდინარეობს გამყოფი ბარიერებისა და მავთულხლართების არ”ღმართვა, უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო გატაცებების, წამებისა და სიცოცხლის ხელყოფის ტრაგიკული ფაქტების ჩათვლით; აღნიშნა, რომ 12 წლის განმავლობაში მიმდინარე ოკუპაციის და პროვოკაციების მიუხედავად, რუსეთმა ვერ შეძლო თავისუფლებისადმი ჩვენი სწრაფვის შეჩერება და საქართველო წარმატებით აგრძელებს დემოკრატიული ტრანსფორმაციას, ასევე, როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. აქვე, ელჩმა მადლიერებით აღნიშნა ესტონეთის მიერ განხორციელებული და მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერა, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მან ესტონურ მხარეს მადლობა გადაუხადა 5 აგვისტოს, გაერო-ს უშიშროების საბჭოში საქართველოს თემაზე დისკუსიის ინიცირებისა და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებისთვის.

ესტონეთის პარლამენტის პრეზიდენტმა ჰენნ პილლუაასმა ღონისძიების გახსნით ნაწილში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა 12 წლის წინ რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე და მიმოიხილა რუსეთის პოლიტიკა სამეზობლოს მიმართ და ამ მხრივ არსებული საფრთხეები. პარლამენტის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ესტონეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მტკიცე მხარდაჭერას. მან ასევე ყურადღება გაამახვილა აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით გაეროს უშიშრობის საბჭოს ფარგლებში სხვა მეგობარ ქვეყნებთან ერთად ესტონეთის მიერ ინიცირებულ განხილვაზე და შედეგად მიღებულ საქართველოს მხარდამჭერი განცხადების მნიშვნელობაზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ესტონეთის ხელისუფლების, სახელმწიფო უწყებებისა, არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურის წრეებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე,ესტონეთში აკრედიტებული ელჩები და ესტონეთში წარმოდგენილი ქართული დიასპორული ორგანიზაციების წევრები.