საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნარვაში ფოტო-გამოფენების „50 ქალი საქართველოდან“ და „კალიოპე ავსტრია - ქალები საზოგადოებაში, კულტურასა და მეცნიერებაში“ გახსნის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა

ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, ტალინში ავსტრიის საელჩოსთან თანამშრომლობით, ა.წ. 13 ნოემბერს ქ.ნარვაში, ტარტუს უნივერსიტეტის კოლეჯში, გაიმართა ფოტო-გამოფენების „50 ქალი საქართველოდან“ და „კალიოპე ავსტრია - ქალები საზოგადოებაში, კულტურასა და მეცნიერებაში“ გახსნის ერთობლივი ღონისძიება.

 

ღონისძიება, საქართველოს, ესტონეთისა და ავსტრიის საიუბილეო 100 წლისთავის აღნიშვნას მიეძღვნ და მიზნად ისახავდა, მე-19 საუკუნიდან, ქალთა მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმას, როგორც საქართველოს ასევე ავსტრიის საზოგადოებების ჩამოყალიბების პროცესში.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, თეა ახვლედიანმა და ავსტრიის ელჩმა დორის დანლერმა. თავიანთ გამოსვლებში, მათ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს 2018 წლის ისტორიულ დატვირთვაზე, როგორც ესტონეთის რესპუბლიკისთვის, ასევე საქართველოსა და ავსტრიისთვის.

თეა ახვლედიანმა, დამსწრე საზოგადოებისადმი მიმართვისას, წარმოადგინა გამოფენის მნიშვნელობა და ისაუბრა საქართველოდან წარმოდგენილი 50 გამოჩენილი ქალის, მათ შორის, მხატვრების, მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების მნიშვნელოვან როლსა და გავლენაზე მე-19 და მე-20 საუკუნეების ქართული საზოგადოების პროგრესული განვითარების საკითხში. თეა ახვლედიანმა, ასევე აქცენტი გააკეთა საქართველოში მე-19 საუკუნის ბოლოდან განსაკუთრებული ძალისხმევით განვითარებულ ეროვნულ პროცესებზე, რომლებიც მიმართული იყო დემოკრატიული ფასეულობებისადმი ერთგულების, ადამიანის უფლებათა დაცვის, ტოლერანტობისა და გენდერული თანასწორობისკენ, რაც ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს წარმოადგენს. „ეს გამოფენა უკავშირდება იმ პერიოდსაც, როდესაც საქართველოს სახელმწიფო მტკიცე ნაბიჯებს დგამდა საერთო ევროპული ღირებულებების მიმართულებით, რაც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ადგილს დასავლური ცივილიზაციის სხვა სახელმწიფოებს შორის" - აღნიშნა საქართველოს ელჩმა.

დორის დანლერის განცხადებით, ხშირად ქალთა როლი ისტორიაში ყურადღების მიღმა რჩება, რაც არაერთი საზოგადოებისთვის წარმოადგენს საერთო საკითხს. აქედან გამომდინარე, საჭიროა ქალთა მიღწევებზე ყურადღების გამახვილება. ელჩმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილ გამოფენებში ასახულია ის ქალები საქართველოდან და ავსტრიიდან, რომელთა ნიჭმა, ნებისყოფამ და მიზანდასახულობამ ხელი შეუწყო საკუთარი ქვეყნის ფორმირებასა და განვითარებას.

გამოფენების გახსნით ცერემონიას ესწრებოდა ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი, რომელიც მიესალმა საქართველოს და ავსტრიის ელჩების ძალისხმევას და წარმატებით განხორციელებულ ინიციატივას აღნიშნული გამოფენების ერთობლივად ქ. ნარვაში წარმოდგენასთან დაკავშირებით. მან ისაუბრა გამოჩენილ ესტონელ ქალბატონებზეც, რომელთა მოღვაწეობა და დამსახურება სხვადასხვა სფეროში უკვდავჰყოფს მათ სახელს, ესტონეთის საკეთილდღეოდ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ესტონეთში აკრედიტებული ელჩები, ისევე როგორც, იდა-ვირუს რეგიონისა და ქალაქ ნარვას ადგილობრივი ორგანიზაციების, კულტურისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

ერთობლივი ფოტო-გამოფენა ქ. ნარვაში არსებულ ტარტუს უნივერსიტეტის ნარვას კოლეჯში, მიმდინარე წლის დეკემბრამდე დარჩება.