საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ესტონეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნების გამოფენის გაიხსნა

საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით, 19 ნოემბერს  ესტონეთის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში გაიმართა ქართული წიგნების გამოფენის გახსნის ღონისძიება, სახელწოდებით „Georgia Made by Characters“. გამოფენა საქართველოსა და ესტონეთისათვის საიუბილეო 100 წლისთავის აღნიშვნას მიეძღვნა და ამავდროულად, მიზნად ისახავდა ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს, როგორც 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და სათანადოდ წარმოჩენას. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში გამოფენილი 50 წიგნი საქართველოს შესახებ, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, 100 წლისთავის საიუბილეო საჩუქრად გადაეცემა ესტონეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას და ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი მსურველისათვის. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება საქართველოს კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების ამსახველი ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) წიგნები, აგრეთვე ქართული ლიტერატურული ნაწარმოებების უცხოენოვანი თარგმანები.

 

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, თეა ახვლედიანმა და ორი ქვეყნის ეროვნული ბიბლიოთეკების დირექტორებმა.

 

თეა ახვლედიანმა დამსწრე საზოგადოებისადმი მიმართვისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილ 2018 წლის ისტორიულ დატვირთვაზე, როგორც ესტონეთის რესპუბლიკის, ისე საქართველოსათვის; ისაუბრა ქართული ლიტერატურის, ენისა და დამწერლობის შესახებ; ასევე, დამსწრე საზოგადოებას გააცნო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგენის მნიშვნელობა. ელჩის თანახმად, საქართველოს წელს მიეცა განსაკუთრებული შესაძლებლობა, როგორც გერმანიაში, ასევე ფართო საერთაშორისო საზოგადოებისთვის, წარმოედგინა საქართველოს მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურა, მწერლობის ხანგრძლივი ტრადიცია და ლიტერატურული მემკვიდრეობა, ისევე როგორც წარმოეჩინა თანამედროვე საქართველო.

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ წარმოადგინა მოკლე  პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორიისა და მისი საქმიანობის თაობაზე. მან, ასევე, ისაუბრა ესტონეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ლიტერატურის ნიმუშების მუდმივად განთავსების მნიშვნელობაზე.

 

გარდა ამისა, დარბაზში წარმოდგენილ დიდ ეკრანზე მოწვეული სტუმრებისათვის  ნაჩვენები იქნა ქართული ანბანის შესახებ ვიდეო რგოლი „Georgia Made by Characters“, რომელიც სპეციალურად 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით საქართველოს მონაწილეობისათვის, საქართველოს წიგნის ეროვნული ცენტრის დაკვეთით შეიქმნა.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ესტონეთის სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურის, ლიტერატურული და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ისევე როგორც ესტონეთში აკრედიტებული ელჩები და ესტონეთში წარმოდგენილი ქართული დიასპორის წევრები.

 

აღსანიშნავია, რომ ქართული ლიტერატურული ნიმუშები მომდევნო 3 კვირის მანძილზე იქნება გამოფენილი ესტონეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ჰუმანიტარულ საკითხავ ოთახში.