საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩოში ესტონეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის ქართული ბიბლიოთეკა დაარსდა

ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით, 20 ნოემბერს საქართველოს საელჩოში გაიმართა ესტონეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის ქართული ბიბლიოთეკის დაარსების ღონისძიება, სადაც პირველ ეტაპზე წარმოდგენილი იქნა ქართული ლიტერატურის 100-მდე ნიმუში. აღსანიშნავია, რომ ქართველი თანამემამულეებისათვის ბიბლიოთეკის დაარსების ინიციატივა ეფუძნება ტალინში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლა “მზიურის“ ქართული ლიტერატურით მხარდაჭერის მიზანს. ამასთან, ხსენებული ინიციატივა გაჟღერდა საქართველო-ესტონეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის ა.წ. 11-14 აპრილს ესტონეთში ვიზიტისას, ქართული დიასპორული ორგანიზაცია “ქართული სახლის” წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, თეა ახვლედიანმა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

თეა ახვლედიანმა დამსწრე საზოგადოებისადმი მიმართვისას ისაუბრა საქართველოს საელჩოში ქართული დიასპორისთვის ბიბლიოთეკის დაარსების, ასევე ა.წ. 19 ნოემბერს, ქართულ მხარესთან თანამშრომლობით, ესტონეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის ფონდის შექმნის მნიშვნელობაზე.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან საუბრისას აქცენტი გააკეთა ქართული ლიტერატურის, ისევე როგორც ზოგადად წიგნის დატვირთვას შესახებ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ესტონეთში წარმოდგენილი ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები.