საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან

ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა ახვლედიანმა, 22 მაისს გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ესტონეთის რესპუბლიკის რემიერ-მინისტრთან, იური რატასთან.  ელჩმა ბატონ რატასს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხელახალი დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. ამასთან, თეა ახვლედიანმა იური რატასს მადლობა გადაუხადა პირადი ძალისხმევისთვის საქართველოს მხარდაჭერის საკითხში.

შეხვედრაზე თეა ახვლედიანმა შეაჯამა ორმხრივი თანამშრომლობის შედეგები; ამასთან, მან იური რატასთან განიხილა ქართულ-ესტონური ურთიერთობების შემდგომი განვითარების შესაძლო გზები. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის და ნატო-ში გაწევრიანების კუთხით დასახულ ამოცანებზე მსჯელობასთან ერთად, საქართველოს ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და ოკუპაციის ხაზის გასწვრივ არსებულ მდგომარეობაზე და ბოლოდროინდელ საგანგაშო განვითარებებზე. თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნული პრიორიტეტების მიმართ ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ესტონეთის პრემიერ მინისტრმა საქართველოს ელჩს მადლობა გადაუხადა გაწეული ძალისხმევისა და ქართულ-ესტონური ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ესტონეთის პრემიერ მინისტრის მხრიდან მაღალ დონეზე შეფასდა განვითარებული ორმხრივი თანამშრომლობით მიღწეული შედეგები. იური რატასმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ესტონეთის ახალი მთავრობის ურყევი მხარდამჭერი პოზიცია საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, როგორიცაა: საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება.