საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანმა,  22  მაისს გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ურმას რეინსალუსთან. ელჩმა ბატონ რეინსალუს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. ამასთან, თეა ახვლედიანმა მადლობა გადაუხადა ურმას რეინსალუს, როგორც გასულ წლებში იუსტიციის მინისტრის რანგში, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნის დღიდან, მის მიერ გაწეული პირადი ძალისხმევისთვის საქართველოს აქტიური მხარდაჭერის საკითხში.

 

შეხვედრაზე თეა ახვლედიანმა შეაჯამა, 2014 წლიდან დღემდე, ესტონეთთან თანამშრომლობის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მიღწეული შედეგები, რაც მინისტრის მხრიდან მაღალ დონეზე შეფასდა. ამ კონტექსტში,  ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თეა ახვლედიანს მადლობა გადაუხადა, მისი ელჩობის პერიოდში გაწეული ძალისხმევისა და ქართულ-ესტონური ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის.

 

ელჩმა ახლადდანიშნულ მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესზე და ამ კონტექსტში, ქვეყნის პრიორიტეტებსა და დასახულ ამოცანებზე ისაუბრა. თეა ახვლედიანმა განსკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და ოკუპაციის ხაზის გასწვრივ არსებულ მდგომარეობასა და ბოლოდროინდელ საგანგაშო განვითარებებზე.

 

ურმას რეინსალუმ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ესტონეთის ახალი მთავრობის მკაფიო და ურყევი მხარდამჭერი პოზიცია საქართველოს ეროვნული პრიორიტეტების, მათ შორის, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.