საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ესტონეთში

16-17 მაისს ესტონეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა პრეზიდენტის შეხვედრები ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, კერსტი კალიულაიდთან, ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ჰენნ პილლუაასთან და ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან იური რატასთან.

ორმხრივ შეხვედრებზე, ძირითადად, განხილულ იქნა საქართველოსა და ესტონეთს შორის თანამშრომლობის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული აქტუალური საკითხები და კონკრეტული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პრიორიტეტები. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ქვეყნის მიერ განხორციელებულ რეფორმებს და მიღწეულ პროგრესს; ამ კონტექსტში, მხარეებმა იმსჯელეს ქვეყნის პრიორიტეტებსა და სამომავლოდ დასახულ ამოცანებზე, აგრეთვე  უსაფრთხოების კუთხით საქართველოსა და ზოგადად რეგიონში, ისევე როგორც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე. აღსანიშნავია, რომ შეხვედრებზე მაღალ დონეზე შეფასდა საქართველოსა და ესტონეთს შორის განვითარებული ორმხრივი თანამშრომლობით მიღწეული შედეგები ყველა შესაბამის სექტორში. ესტონური მხარის მიერ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა ესტონეთის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე როგორც ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

გარდა ამისა, ესტონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი ნატოს კოოპერაციული კიბერთავდაცვის ცენტრს, კონცეპტუალურ შემოქმედებით ჰაბს „ტელისკივის კრეატიულ ქალაქსა“ და ესტონეთის ციფრული გადაწყვეტილებებისა და ელექტრონული მმართველობის სადემონსტრაციო ცენტრს ესტუმრა. ამასთან, პრეზიდენტმა ესტონეთის დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ესტონეთში ქართველ სტუდენტებთან და ესტონეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

ამასთან, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ტალინის მიკკელის მუზეუმში ცნობილი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა „ფიროსმანი - მარტოხელა გენიოსის სამყარო“ დაათვალიერეს, რომელიც ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და დახმარებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ესტონეთის ხელოვნების მუზეუმის ორგანიზებით 22 მარტს გაიხსნა.

ვიზიტის დასასრულს სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო ესტონეთისთავდაცვის სწავლების საერთაშორისო ცენტრი“ (ICDS) მიერ ორგანიზებული, ლენნარტ მერის სახელობის ყოველწლიურ კონფერენციის (LMC)  გახსნით სადისკუსიო სესიაში,  სახელწოდებით ,,ერთი წარსული - ბევრი მომავალი". დისკუსიაში, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობდნენ ესტონეთის პრეზიდენტი, კერსტი კალიულაიდი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ ურსულა ფონ დერ ლეიენი, ხოლო მოდერაციას - ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იური ლუიკი უწევდა.