საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ესტონეთის თავდაცვის ძალების სარდალთან,

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანმა 28 მაისს გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ესტონეთის თავდაცვის ძალების სარდალთან, გენერალ მაიორ მარტინ ჰერემთან. გენერალ-მაიორმა საქართველოს ელჩს მადლობა გადაუხადა გაწეული ძალისხმევისა და ქართულ-ესტონური ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და საჩუქრად ესტონეთის თავდაცვის ძალების სარდლის დროშა გადასცა.

შეხვედრაზე ელჩმა შეაჯამა, 2014 წლიდან დღემდე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შედეგები, განიხილა ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე აქტუალური საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები. თეა ახვლედიანმა ესტონურ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესის, უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე საგანგაშო განვითარებების თაობაზე. ამასთან, მან ისაუბრა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობასა და წვლილზე და მიმოიხილა ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების პროცესი.

მენერალ მაიორ ჰერემის მხრიდან მაღალ დონეზე შეფასდა განვითარებული ორმხრივი თანამშრომლობით მიღწეული შედეგები, მათ შორის ხაზი გაესვა სამხედრო წვრთნებში ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობას. ესტონურმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ესტონეთის ახალი მთავრობის ურყევი მხარდამჭერი პოზიცია საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, როგორიცაა: საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება.