საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პროექტის „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებულები საქართველოს საელჩოს ეწვივნენ

პროექტის „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებული მასწავლებლები, ესტონეთში 2-დან 7 ივნისამდე დაგეგმილ სასწავლო/სამუშაო ვიზიტისას, ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ეწვივნენ. საელჩოში სტუმრობისას, ქართველი მასწავლებლები გაეცნენ საელჩოს საქმიანობის პრიორიტეტებს; ამასთან, განხილულ იქნა ესტონეთსა და საქართველოს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობები და მრავალი მიმართულებით მიმდინარე ნაყოფიერი თანამშრომლობა აქცენტით განათლების სფეროზე.
პროექტი „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ" უკვე მეექვსე წელია მიმდინარეობს. სამიზნე ჯგუფს საჯარო და კერძო სკოლების გეოგრაფიის, ისტორიის, სამოქალაქო განათლების, ინგლისური ენის, ასევე, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები წარმოადგენენ. პროექტის მიზანი მასწავლებლების ევროპულ ფასეულობებზე ინფორმირება, მათი ინტერესის გაზრდა და ევროინტეგრაციის პროცესში როგორც პედაგოგების, ისე მოსწავლეების ჩართვაა.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ ესტონეთის განათლების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან; ასევე, ეწვევიან რამდენიმე სკოლას და გაეცნობიან მათი საქმიანობის ზოგად სპეციფიკას.

„მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ პროექტის მიზანია მასწავლებლების ინფორმირება ესტონური განათლების სისტემაში არსებული უახლესი მიღწევების შესახებ და ამ კუთხით ესტონური გამოცდილების გაზიარება, ასევე, მასწავლებლების ევროპულ ფასეულობებზე ინფორმირება, მათი ინტერესის გაზრდა და ევროინტეგრაციის პროცესში როგორც პედაგოგების, ისე მოსწავლეების ჩართვა.
„მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ" სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის", სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის" ორგანიზებითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. გამარჯვებული 10 მასწავლებლის ესტონეთში ვიზიტი ესტონეთის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ცენტრმა უზრუნველყო, ესტონეთის საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით.