საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ტურიზმის სფეროში მოღვაწე მეწარმეები საქართველოს საელჩოს ეწვივნენ

პროექტის "საქართველოს სოფლების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა" ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ტურიზმის სფეროში მოღვაწე მეწარმეები, ესტონეთში 1-5 ივლისს დაგეგმილი სასწავლო/სამუშაო ვიზიტისას ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ეწვივნენ და შეხვედრა გამართეს საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ნატო კიპაროიძესთან. დელეგაციის შემადგენლობაში წარმოდგენილი არიან ტურიზმის სფეროში მოღვაწე მეწარმეები კახეთის, სამცხე ჯავახეთისა და მთიანი აჭარის რეგიონებიდან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ესტონეთში ქართველ მეწარმეთა სამუშაო ვიზიტის ძირითადი მიზანი და მოლოდინები; საუბრისას ნატო კიპაროიძემ მიმოიხილა საქართველოს საელჩოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და საქართველო-ესტონეთის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა; განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების, მათ შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითებზე.

ზემოხსენებული სამუშაო ვიზიტი რონდელის ფონდისა და ესტონეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „იაან ტინისსონის ინსტიტუტის“ ორგანიზებით, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „განვითარების თანამშრომლობის“ მხარდაჭერით, ხორციელდება.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რომლის ძირითადი მიზანია საქართველოს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობის შემცირება და მათი კეთილდღეობის გაზრდა, დელეგაციის წევრები შეხვდებიან ესტონეთის სასოფლო საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სასოფლო ტურიზმი“-ს წარმომადგენლებს, ასევე ქ. ჰააფსალუს მერს; ამასთან, ქართველი მეწარმეები ეწვევიან ესტონეთის სხვადასხვა რეგიონში განთავსებულ ტურისტულ ფერმებსა და გაეცნობიან მათ გამოცდილებას.