საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პროექტი „ვასურათებთ ქართულ ზღაპრებს“.

ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პარტნიორობით, ესტონეთში წარმოდგენილი ქართული დიასპორის ბავშვებისათვის განხორციელდა პროექტი „ვასურათებთ ქართულ ზღაპრებს“.
ღონისძიება 12 ოქტომბერს ესტონეთის საბავშვო ლიტერატურის ცენტრში ჩატარდა.

პროექტი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციის იმპლემენტაციის ფარგლებში გაიმართა და მის ძირითად მიზანს კულტურული მემკვიდრეობის გაცნობისა და დაცვის საკითხებით ახალგაზრდა თაობების დაინტერესება და მათი ჩართულობა წარმოადგენს.

ღონისძიება გახსნა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, თამარ მიქაბერიძემ და ისაუბრა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და მისი დაცვის მნიშვნელობის შესახებ ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლების დატვირთვაზე. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა, მაკა თაქთაქიშილმა პროექტში მონაწილეებს მიაწოდა საინტერესო, ამავდროულად თვალსაჩინო ინფორმაცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისა და საქართველოში მისი დაცვის კუთხით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

გაკვეთილის მსვლელობისას ბავშვებმა მოისმინეს ნაკლებად ცნობილი ქართული ზღაპარი, რომელიც არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს და თავად დაასურათეს იგი. მოგვიანებით სააგენტოს მიერ დაიბეჭდება პროექტში მონაწილე ბავშვების მიერ დასურათებული კრებული და საჩუქრად გადაეცემათ მათ.