საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში, არჩილ ყარაულაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ურმას რეინსალუსთან.

 

შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობები და წარმატებული თანამშრომლობა ყველა მიმართულებით. ურმას რეინსალუს განცხადებით, ესტონეთი საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია და აქტიურად ლობირებს აღნიშნულ საკითხს საერთაშორისო დონეზე.

 

საუბარი დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. ურმას რეინსალუმ კიდევ ერთხელ დაგმო ადგილზე მიმდინარე უკანონო პროცესები და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ესტონეთი გამოიყენებს ყველა შესაძლო ფორმატს, საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში ხსენებული საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნების უზრუნველსაყოფად.

 

არჩილ ყარაულაშვილმა მადლობა გადაუხადა ურმას რეინსალუს თანადგომისა და საქართველოსადმი ესტონეთის გამოხატული მხარდაჭერისათვის.

 

შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა აქტიური სამომავლო თანამშრომლობის მზაობა დააფიქსირეს.