საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში, არჩილ ყარაულაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის (Riigikogu) პრეზიდენტთან ჰენნ პილუაასთან.

 

მხარეები მიესალმნენ ორი ქვეყნის გამორჩეულ მეგობრულ ურთიერთობებს და მჭიდრო პარტნიორობას. განსაკუთრებული კმაყოფილებით აღინიშნა აქტიური საპარლამენტო თანამშრომლობა.

 

საუბარი დაეთმო საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას; ასევე, არჩილ ყარაულაშვილმა დეტალურად გააცნო ჰენნ პილუაასს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი საგანგაშო ვითარება, მიმდინარე უკანონო პროცესები და მადლიერება გამოხატა აღნიშნულ საკითხში, ისევე როგორც ყველა სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით, ესტონეთის აქტიური მხარდაჭერისათვის.

 

თავის მხრივ, ჰენნ პილუაასმა დაადასტურა, რომ ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს მიმართ მხარდაჭერას ყველა დონეზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

 

მხარეები აქტიურ სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.