საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი ესტონეთის პრემიერ მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში, არჩილ ყარაულაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ესტონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, იური რატასთან.

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო-ესტონეთის მეგობრული ურთიერთობები და ინტენსიური თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ხაზი გაესვა ეკონომიკური კუთხით არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების აუცილებლობას. დაფიქსირდა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების შემდგომი გააქტიურების სურვილი.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. იური რატასმა გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და აღნიშნა, რომ ესტონეთი იყენებს ყველა შესაძლო საერთაშორისო პლატფორმას საქართველოს მხარდასაჭერად. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა გაერო-ს უშიშროების საბჭოში ესტონეთის არამუდმივი წევრობის მნიშვნელობას.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. იური რატასმა დაადასტურა, რომ ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური პროცესების მხარდაჭერას.

არჩილ ყარაულაშვილმა მადლობა გადაუხადა იური რატასს საქართველოსადმი ესტონეთის მტკიცე თანადგომისა და შეუქცევადი მხარდაჭერისთვის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით.