საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ესტონეთში შესვლასთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციები

ევროკავშირის სარეკომენდაციო სიიდან საქართველოს ამოღებასთან დაკავშირებით, 26 ოქტომბრიდან, საქართველოში მცხოვრები პირებისთვის  შეიზღუდება ესტონეთის ტერიტორიაზე შესვლა და გავრცელდება ზოგადად მესამე ქვეყნების მიმართ ესტონეთის მთავრობის მიერ განსაზღვრული წესები. კერძოდ, ესტონეთში გამგზავრება შეეძლებათ მხოლოდ კორონავირუსის სიმპტომების არ მქონე შემდეგი კატეგორიის პირებს:

·         ტალინში აკრედიტებულ დიპლომატებს და მათი ოჯახის წევრებს;
·         სამთავრობო დელეგაციების წევრებს, რომლებიც ესტონეთში მიემგზავრებიან ოფიციალური მოწვევის საფუძველზე;
·         სამუშაო ან სასწავლო მიზნით მიმავალ პირებს (ექვემდებარებიან 14-დღიან თვით-იზოლაციას);
·         საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობით გათვალისწინებული მისიით მიმავალ პირებს;
·         სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან გადაუდებელი დახმარების აღმოჩენაზე;
·         მგზავრთა გადამყვანი და ტვირთების გადამზიდავი საერთაშორისო სატრანსპორტო საშუალებების პერსონალს და პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან სატრანსპორტო საშუალებების შეკეთებასა და ტექნიკურ გამართვაზე;
·         პირებს, რომლებსაც ეხებათ კრიტიკული სერვისების უწყვეტობის უზრუნველყოფა;
·         პირებს, რომელთა ესტონეთში შემოსვლა მიზნად ისახავს ესტონეთში მოქმედი კომპანიების ტექნიკური მოწყობილობების შეკეთებას, ტექნიკურ გამართვას ან საგარანტიო მომსახურებას, ასევე ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საქმიანობას, რომელთა შესრულება აუცილებელია კომპანიის ოპერირების უზრუნველსაყოფად;
·         პირებს, რომლებიც კვეთენ ესტონეთის საზღვარს სამშობლოში დასაბრუნებლად;
·         პირებს, რომლებიც უშუალოდ ენათესავებიან ესტონეთის მოქალაქეს ან ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს;
·         სპორტული შეჯიბრებების, ასევე, საჯარო ღონისძიებების მონაწილეებს ან ორგანიზატორებს;
·         პირებს, რომლებსაც ესტონეთის პოლიციისა და საზღვრის დაცვის სამსახურმა, სპეციალური აპლიკაციის საფუძველზე, მიანიჭა ესტონეთში შემოსვლის ნებართვა. (ექვემდებარებიან 14-დღიან თვით-იზოლაციას; ასეთი ნებართვა, როგორც წესი, გაიცემა გადაუდებელი ოჯახური მიზეზების გათვალისწინებით).

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშით საქართველოს საელჩოს ტელეფონის ნომერზე +372 69 88 590
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://kkk.kriis.ee/.../travelling-to-estonia--foreigners