საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბიზნეს-სემინარი „საქართველო-ესტონეთის თანამშრომლობა: საინვესტიციო და ვაჭრობის შესაძლებლობები“

20 ნოემბერს, ტალინში, საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, გაიმართა ბიზნეს-სემინარი თემაზე „საქართველო-ესტონეთის თანამშრომლობა: საინვესტიციო და ვაჭრობის შესაძლებლობები“.
სემინარის ძირითადი მიზანი იყო ესტონური კომპანიების ინფორმირება საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნეს-გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო პროგრამებსა და ინიციატივებზე, მათ შორის, ახლად დამტკიცებულ პროგრამაზე „FDI გრანტი“, რომელიც მიმართულია საქართველოში უცხოური ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობისკენ, ტექნოლოგიის შემოდინებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ.
ბიზნეს-სემინარზე, რომელიც ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა, მოხსენებით წარდგენენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, ასევე, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს (EUGBC) აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კაჭარავა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა პროფილის ესტონური კომპანიებისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების 20-მდე წარმომადგენელმა. ბიზნეს-სემინარი ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან მჭიდრო თანამშრომლობით გაიმართა.