საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოსა და ესტონეთის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2021 წლის 8 სექტემბერს, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები ორი ქვეყნის საგარეო უწყებას შორის. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ხოლო ესტონეთის დელეგაციას - მინისტრის მოადგილე რეინ ტაამსარი.
 
პოლიტიკური კონსულტაციების დღის წესრიგი მოიცავდა როგორც ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრს, ასევე ორ ქვეყანას შორის სექტორალური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, მათ შორის აღინიშნა, რიგი მიმართულებებით, ესტონეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ესტონელ პარტნიორებს დარგობრივი რეფორმების განხორციელებაში გაწეული დახმარებისათვის, ასევე გადაწყვეტილებისათვის კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყოფისათვის.
 
კონსულტაციებისას, საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ამ თვალსაზრისით, ესტონეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას. განხილულ იქნა საქართველოს ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოების გზები, 2024 წელს ევროკავშირში სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის წარდგენის პერსპექტივა და „ასოცირებული ტრიოს“ სამომავლო გეგმები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობაზე და მის მომავალზე. თეიმურაზ ჯანჯალიამ ესტონელ კოლეგას გააცნო ქართული მხარის მოლოდინები დეკემბერში დაგეგმილი სამიტიდან.
საუბარი შეეხო ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებისათვის საქართველოს მიერ გაწეულ კონტრიბუციას და ნატო-ში გაწევრიანების პროცესის ინტენსიფიკაციის მნიშვნელობას.
 
ესტონურ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობის და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ; ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე, არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე; ხაზი გაესვა საერთაშორისო დღის წესრიგში საკითხის აქტუალურობის შენარჩუნების კუთხით პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიციის საჭიროებას.
 
რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ მოვლენებსა და საქართველოს როლზე აღნიშნულ პროცესებში. ასევე დადებითად შეფასდა საქართველოს ძალისხმევა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში.
 
ესტონურმა დელეგაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.