საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები


ძვირფასო სტუმარო!

მოგესალმებით ქალაქ ბარსელონაში (ესპანეთის სამეფო) საქართველოს გენერალური საკონსულოს ვებ-გვერდზე.

საქართველოს საკონსულო ქალაქ ბარსელონაში 2010 წელს დაფუძნდა, ხოლო 2021 წლიდან შეეცვალა სტატუსი და ჩამოყალიბდა როგორც საქართველოს გენერალური საკონსულო ქალაქ ბარსელონაში. გენერალური საკონსულოს გადაფარვის არეალია ასტურიის, კანტაბრიის, ბასკეთის, ნავარის, არაგონის, კატალონიის, ვალენსიისა და ბალეარის კუნძულების ავტონომიური რეგიონები. გენერალური საკონსულოს თითოეული თანამშრომელი მზად არის უზრუნველყოს მასზე დაკისრებული ფუნქციების სრულად განხორციელება.
ჩვენი მთავარი ამოცანაა, მოქალაქეებს გაეწიოთ საჭირო საკონსულო დახმარება და შესაბამისი სარეკომენდაციო კონსულტაცია, რათა ადგილსამყოფელ ქვეყანაში თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ სრულად მოახდინოს უფლებების დაცვა და საკუთარი ინტერესების რეალიზაცია.
ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ქვეყნის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება, დიასპორასთან კავშირების გაღრმავება და დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერა. ასევე სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო, სპორტისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა.

მოხარული ვართ, უცხო ქვეყნის ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს გავუწიოთ დახმარება და შესაბამისი კონსულტაცია საქართველოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე.

აღნიშნული ვებ-გვერდი თქვენ დაგეხმარებათ ინფორმაცია მიიღოთ როგორც ადგილსამყოფელ ქვეყანაში, ასევე საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და სიახლეების შესახებ, ასევე შეგეძლებათ თვალყური ადევნოთ ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას.

მადლიერებას გამოვხატავთ თქვენი სტუმრობისთვის და იმედს ვიტოვებთ, რომ საინტერესო, ამომწურავი და სასარგებლო იქნება თითოეული თქვენთაგანისთვის ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

პატივისცემით,

ალექსანდრე ჭკუასელი

საქართველოს გენერალური კონსული ქ. ბარსელონაში