ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ესტონეთის პრემიერ მინისტრის ვიზიტი საქართველოში

estonia/prime_ministers.jpg2015 წლის 12-13 იანვარს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ტაავი რეივასი ეწვია, რომელმაც პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან; ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგა პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან. ესტონეთის პრემიერ მინისტრს, ვიზიტისას, თან ახლდა წარმომადგენლობითი ბიზნეს დელეგაცია.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ესტონეთის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები; ასევე, განხილულ იქნა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პრიორიტეტული საკითხები; განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობას; აგრეთვე, საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

საქართველო-ესტონეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და ურთიერთობა ნატო-სთან - ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული შეხვედრის ძირითადი თემები იყო. საქართველოსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებმა გაფართოებული მოლაპარაკებებისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს და ამ მიმართულებით არსებულ დიდ პოტენციალს. გაფართოებული შეხვედრისას საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხები. გამოითქვა შეშფოთება სოხუმის საოკუპაციო რეჟიმსა და მოსკოვს შორის 24 ნოემბერს ხელმოწერილი „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ე.წ. შეთანხმებასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან მსგავსი დოკუმენტის დაგეგმილ ხელმოწერასთან დაკავშირებით. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესსა და რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოლოდინებს. ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების, ასევე ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის ინტენსიფიკაციისა და სავიზო დიალოგის დასრულების მნიშვნელობა.

„ესტონეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ყოველ ეჭვგარეშე ვაცხადებთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მოიცავს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს“ - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ტაავი რიივასმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ესტონეთი რიგის სამიტზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ჰპირდება. „საქართველო, ფაქტობრივად, ლიდერია კრიტერიუმების დაკმაყოფილების სარბიელზე. ნამდვილად შესაძლებელია უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღება და დამერწმუნეთ, რომ სამიტზე ესტონეთის მხარდაჭერა გექნებათ", - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.  „ერთმანეთს დავუდასტურეთ მზაობა, რომ მაქსიმალურად გამოვიყენებთ არსებულ პოტენციალს, რათა მივაღწიოთ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის იმ ნიშნულს, რაც ჩვენი ქვეყნების პოლიტიკური ურთიერთობების მაღალ დონეს შეესაბამება," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მანვე შეშფოთება გამოხატა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით გადადგმულ ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ საქართველო თავისი ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ არანაირ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოს ევროპული არჩევანი არც ერთი ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული. "ჩვენი ევროპული გზა რუსეთის წინააღმდეგ საერთოდ არ არის მიმართული. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. ეს არის საქართველოს სახელმწიფოს სუვერენული არჩევანი. საქართველოს, ხალხის გადასაწყვეტია, სად რა მიმართულებით ვიაროთ", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო სადილი ორი ქვეყნის პრემიერების მონაწილეობით ელექტრონული მმართველობა და ელექტრონული კომუნიკაციების განვითარების საკითხებზე. ესტონელმა კოლეგებმა ქართულ მხარეს გამოცდილება გაუზიარეს და ელექტრონული მმართველობის რეფორმის ეფექტური განხორციელების მექანიზმები გააცნეს.

ვიზიტის განმავლობაში შედგა ესტონელ ბიზნესმენთა შეხვედრა საქართველოს პრემიერ მინისტრთან, სადაც განიხილეს საინვესტიციო პოტენციალი და ახალი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები.

ესტონელი და ქართველი ბიზნესმენებისთვის გაიმართა ბიზნეს ფორუმი, რომელიც ორი ქვეყნის პრემიერ მინისტრებმა გახსნეს. ირაკლი ღარიბაშვილმა დამსრეთ, სიტყვით მიმართვისას, გააცნო ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს შესახებ. მან, აგრეთვე, ისაუბრა იმ უპირატესობებზე, რომლებიც საქართველოს ამ კუთხით გააჩნია. ორი ქვეყნის ბიზნესმენებმა გამართეს პირისპირ შეხვედრები.

პრემიერები ღარიბაშვილი და რეივასი დაესწრნენ ქართულ-ესტონური ერთობლივი ძალისხმევით გაციფრულებული ფილმის „ნატვრის ხის“ პრეზენტაციას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ეს ფაქტი კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებულ სამაგალითო თანამშრომლობაზე მიუთითებს. საუბარი, ასევე, შეეხო ზაზა ურუშაძის ფილმ „მანდარინებს“, რომელიც ბევრ საერთაშორისო ჯილდოს იმსახურებს და ქართულ-ესტონური თანამშრომლობის წარმატებული პროექტია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მისი ესტონელი კოლეგისთვის ოფიციალური ვახშამი გამართა, რომელსაც დელეგაციის წევრებიც ესწრებოდნენ. ვახშამზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ორი ქვეყნის სამაგალითო ურთიერთობას. ვახშმის დაწყებამდე სტუმრებს საშუალება ქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს და ქართული ღვინის ისტორიას.   

 
 


მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ