ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ვიზიტი ესტონეთში

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიმდინარე წლის 10-13 მაისს, ესტონეთს სამუშაო ვიზიტით ეწვია.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, „ესტონეთის საინფორმაციო და კომუნიკაციების ტექნოლოგიების კვირეულის" (Estonian ICT Week) ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. კერძოდ, 11 მაისს თეა წულუკიანი, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კეიტ პენტუს-როსიმანუსსთან და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, გახსნითი სიტყვით გამოვიდა რიგით 12-ე „აღმოსავლეთ პარტნიორობის" საჯარო ადმინისტრირების რეფორმის სემინარზე „ელექტრონული მმართველობის დაგეგმვის და განხორციელების კოორდინაცია". აღნიშნული ღონისძიება ორგანიზებულია „ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრის" მიერ, ევროკომისიასთან და „ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიასთან" თანამშრომლობით.

სიტყვით გამოსვლისას, თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიმართ ესტონეთის მკაფიო და ძლიერ მხარდაჭერას. ამასთან, იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში გათვალისწინებული რეფორმების სათანადო განხორციელებისთვის ევროკავშირთან თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების შესახებ. აქვე, მან ყურადღება გაამახვილა რიგის სამიტის მოლოდინებზე და განსაკუთრებულად აღნიშნა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივის შემდგომი წარმატების უზრუნველყოფის მნიშვნელობა.

მინისტრმა ვრცლად მიმოიხილა საქართველოს თანამშრომლობა ესტონეთთან ელექტრონული მმართველობის სფეროში და ამ ქვეყნის მდიდარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ისაუბრა ხსენებული მიმართულებით ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების გზებზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, ელექტრონული მმართველობის სფეროს განმტკიცება მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს მთავრობის ეფექტიანობის ზრდის, კორუფციასთან ბრძოლის, მოსახლეობის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. აღნიშნულის გათვალისწინებით, თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ უკანასკნელ ხანებში მიღწეულ პროგრესს ელექტრონული მმართველობის და ელექტრონული სერვისების განვითარების პროცესში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, ესტონეთის პრეზიდენტის ტოომას ჰენდრიკ ილვესის მოწვევით, მიმდინარე წლის 12 მაისს, მონაწილეობა მიიღო და გახსნითი სიტყვით გამოვიდა „ტალინის ელექტრონული მმართველობის კონფერენციაზე", რომელიც „ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიის" მიერ არის ორგანიზებული.

ვიზიტის ფარგლებში, 11 მაისს გაიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრის შეხვედრა მის ესტონელ კოლეგასთან, ახლადდანიშნულ იუსტიციის მინისტრთან ურმას რეინსალუსთან. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ესტონეთის იუსტიციის მინისტრმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმებს. თავის მხრივ, თეა წულუკიანმა დეტალურად მიმოიხილა მისი სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სფეროებში განხორციელებული რეფორმები. აქვე, იგი მიესალმა „ევროკომისიის" მიერ მომზადებულ ანგარიშს „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის" განხორციელების შესახებ და რწმენა გამოხატა, რომ რიგის სამიტის ერთობლივ დეკლარაციაში სათანადოდ იქნება ასახული საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების კონკრეტული პერსპექტივები. შეხვედრის დასასრულს, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მისი ესტონელი კოლეგა საქართველოში მიიწვია.

იმავე დღეს თეა წულუკიანი ეწვია "E-Estonia"-ს ელექტრონული სერვისების სადემონსტრაციო ცენტრს, სადაც წარმოჩენილ იქნა ინფორმაცია ესტონეთის მთავრობის მიერ ელექტრონული სერვისებისადმი შემუშავებული ახალი მიდგომების, კიბერ-უსაფრთხოების კუთხით გატარებულ ღონისძიებების და ესტონეთის ე.წ. „ელექტრონული მოქალაქეობის" ინიციატივის შესახებ.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგის სამიტის წინა პერიოდის, ისევე როგორც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით საქართველოს მოლოდინის, ამ პროცესსა და ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებაში იუსტიციის სამინისტროს როლის გათვალისწინებით, 12 მაისს შედგა მინისტრის ვრცელი ინტერვიუ ესტონეთის ინტერნეტ და საგაზეთო გამოცემის "Postimees"-ის ჟურნალისტთან, რომლის დროსაც აქცენტი გაკეთდა საქართველოში სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებსა და ქვეყნის შესაბამის განვითარებებზე.

 

 
 


მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ