ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის ვიზიტი ესტონეთში

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი მიმდინარე წლის 11 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით ესტონეთს ეწვია.

ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრები ესტონეთის პრემიერ მინისტრთან ტაავი რეივასთან, თავდაცვის მინისტრთან სვენ მიქსერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მარინა კალიურანდთან, ასევე, ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა და ეროვნული თავდაცვის კომიტეტების წევრებთან. თინათინ ხიდაშელი ეწვია ნატო-ს კიბერუსაფრთხოების ცენტრს და „თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრში" წაიკითხა ლექცია თემაზე „უსაფრთხოების გამოწვევები კავკასიის რეგიონში - ქართული პერსპექტივა"; ასევე, ტალინში ვიზიტისას, მინისტრმა გვირგვინით შეამკო ესტონეთის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან ტაავი რეივასთან შეხვედრაზე განხილვის ძირითად თემას წარმოადგენდა უსაფრთხოების მდგომარეობა რეგიონში, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პრიორიტეტები. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს მოლოდინებს ვარშავის 2016 წლის სამიტთან მიმართებაში. ტაავი რეივასმა ხაზგასმით აღნიშნა ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მისი თქმით, ყველა ფორუმსა და შეხვედრაზე ის იქნება საქართველოს და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი. ესტონეთის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული კომენტარისას, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ესტონეთის რესპუბლიკა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოკავშირეა.

ესტონეთის თავდაცვის მინისტრთან სვენ მიქსერთან შეხვედრაზე ესტონურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ესტონეთი მზად არის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის სამომავლო გზები, მათ შორის საგანმანათლებლო და კიბერ უსაფრთხოების კუთხით; იმსჯელეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარებაში ესტონეთის მიერ გაწეული დახმარების შესახებ და შემდგომი თანამშრომლობის გეგმებიც დასახეს. სვენ მიქსერთან შეხვედრის შემდეგ პრესასთან გაკეთებულ კომენტარში თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობების გაზრდა და ნატო-სთან თავსებადობა საქართველოსთვის პრიორიტეტია, რაშიც ესტონეთი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარინა კალიურანდმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ესტონეთი მხარს უჭერს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას, სუვერენიტეტს და ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებას.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ ესტონეთის პარლამენტში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა, ასევე, მიიღო ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ და მომავალმა თავდაცვის მინისტრმა ჰანეს ჰანსომ, რომელმაც საქართველოს და ესტონეთის მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. მომავალი თავდაცვის მინისტრის მიერ აღინიშნა ესტონეთის პარლამენტის ერთსულოვნება - ექვსივე პარტიის 101 წევრის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.
ნატო-ს კიბერუსაფრთხოების ცენტრში გაიმართა შეხვედრა ცენტრის ხელმძღვანელთან სვენ საკოვთან, სადაც განხილულ იქნა ცენტრის მუშაობის სპეციფიკა და საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

„თავდაცვისა და უსაფრთხოების ცენტრში" გამართულ ლექციაზე თინათინ ხიდაშელმა ისაუბრა რეგიონის წინაშე მდგარ საფრთხეებზე, ვარშავის სამიტის მოლოდინებზე და იმ გზაზე, რომელიც ევროპულმა ქვეყნებმა უნდა გაიარონ უსაფრთხოების უფრო მეტი გარანტიების შესაქმნელად. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა რუსეთის მხრიდან განხორციელებულ დესტრუქციულ ნაბიჯებზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გაფართოებისა და მიმდინარე „მცოცავი ანექსიის" ჩათვლით. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას არსებული პოლიტიკური რეალობის შესაბამისად შეფასებისკენ და პროაქტიული ქმედებების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ლექციის დასრულების შემდეგ თინათინ ხიდაშელმა ესტონეთის და ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა. უცხოელი ჟურნალისტები ძირითადად რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბული ურთიერთობით და ჩვენი ქვეყნის ბალტიის ქვეყნებთან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებით დაინტერესდნენ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი წარმატებულად შეაფასა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეა ახვლედიანმა: „ესტონეთში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაიმართა. ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ ამ ეტაპზე ენიჭება, როდესაც ნატო-ს უელსისა და ვარშავის სამიტებს შორის შუა პერიოდში ვიმყოფებით. შესაბამისად, მხარეებს შესაძლებლობა მიეცათ განეხილათ არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესი, შეეფასებინათ შედეგები და ემსჯელათ ვარშავის სამიტის მოლოდინებთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, ესტონეთის მთავრობაში განხორციელდა საკადრო ცვლილება. სვენ მიქსერმა თავდაცვის მინისტრის რანგში ბოლო ოფიციალურ ვიზიტს უმასპინძლა. თუმცა, ის არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც განაგრძობს თავის საქმიანობას ესტონეთის პარლამენტში. ამდენად, მნიშვნელოვანი იყო მასთან შეხვედრა, ისევე როგორც ესტონეთის თავდაცვის მომავალ მინისტრთან".

 
 


მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ