ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი ესტონეთის რესპუბლიკაში

2015 წლის 2-3 ნოემბერს ესტონეთს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ეწვია. საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანი.

ვიზიტის პირველ დღეს, საქართველოს მთავრობის მეთაური ესტონეთის პრემიერ-მინისტრს ტაავი რეივასს შეხვდა, რის შემდეგადაც, ორი ქვეყნის ლიდერებმა ხელი მოაწერეს „საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ" შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ოქმს. ორმხრივი შეხვედრისა და ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა პრემიერ-მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია. იმავე დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა და ტაავი რეივასმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში „თბილისობა ტალინში 2015", სადაც პრემიერ მინისტრებმა სიტყვით მიმართეს ღონისძიებაზე მოწვეულ მაღალი დონის სტუმრებს; „თბილისობა ტალინში 2015", რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს და კონკრეტულად თბილისის ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას, მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანმა.

ვიზიტის მეორე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამართა ორმხრივი ოფიციალური შეხვედრები ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ტოომას ჰენდრიკ ილვესთან და ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის პრეზიდენტთან ეიკი ნესტორთან. ასევე, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო სადილი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარინა კალიურანდის მასპინძლობით. საქართველოს პრემიერ მინისტრმა თანმხლებ ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, გვირგვინით შეამკო ესტონეთის დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას.

ირაკლი ღარიბაშვილმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, დაათვალიერა ტალინის სატელევიზიო ანძა და გაეცნო მის თანამედროვე კონცეფციას; ეწვია ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან არსებულ ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრს "მექტორი", სადაც საქართველოს დელეგაციისთვის წარმოდგენილ იქნა პრეზენტაცია, ლოგისტიკის სფეროში ესტონეთის ბიზნესის კლასტერული მართვის მეთოდის შესახებ; ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, დაესწრო ესტონეთის პრემიერ-მინისტრის სახელით გამართულ ოფიციალურ ვახშამს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში მყოფმა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრა გამართა ესტონეთის სასოფლო საქმეთა მინისტრთან ურმას კრუუზესთან და ეწვია ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ სურსათისა და ფერმენტაციის ტექნოლოგიების კომპეტენციის ცენტრს.

ამასთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მე-13 სემინარის გახსნით სესიაზე, რომელიც ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრის სახელით გამართული ვახშმის ფარგლებში, შეხვდა ესტონეთის საგარეო ვაჭრობისა და მეწარმეობის მინისტრს ლიიზა ოვიირს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართულ ოფიციალურ შეხვედრებზე განხილვის ძირითად თემებს წარმოადგენდა: საქართველოს მისწრაფება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ და ამ კუთხით არსებული პრიორიტეტები; საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებული მდგომარეობა; საქართველოს სუვერენიტეტი და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა; საქართველოსა და ესტონეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ორ ქვეყანას შორის, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურ შეხვედრებზე ხაზი გაუსვა, რომ ესტონეთი საქართველოსთვის ერთ-ერთ გამორჩეულ მეგობარ სახელმწიფოს წარმოადგენს და მადლიერება გამოთქვა ესტონეთის მხრიდან მრავალ სფეროში აღმოჩენილი თვალსაჩინო მხარდაჭერის გამო.

გამართული შეხვედრებისას, აღინიშნა, ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში გააქტიურებული თანამშრომლობის მნიშვნელობა და ხაზი გაესვა საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ მეგობრულ, საერთო ფასეულობებსა და ინტერესებზე დაფუძნებულ მჭიდრო ურთიერთობებს. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე.

ვიზიტისას ყურადღება გამახვილდა ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესზე. ხაზი გაესვა არსებითი ღონისძიებათა პაკეტით გათვალისწინებული ყველა ელემენტის განხორციელების დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობას და გამოითქვა იმედი, რომ სამიტზე სათანადოდ აისახება საქართველოს მიერ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი.

განსაკუთრებით აღინიშნა ესტონეთის დახმარება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის კუთხით. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ესტონეთის მხარდაჭერაზე; ხაზი გაუსვა, რომ ქართული მხარის მიერ შესრულებულია ევროკავშირის მხრიდან დაწესებული ვალდებულებები და გამოთქვა იმედი, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

ესტონურმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოს ნატო-ში და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ მნიშვნელოვან წარმატებებს და კვლავ დაადასტურა აღნიშნულ კონტექსტში საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა, ამ ეტაპზე განსაკუთრებით, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ამასთან, აღინიშნა, რომ საქართველო, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესის თვალსაზრისით, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა. ესტონური მხრიდან გაჟღერებული განცხადებების თანახმად, ევროპის წინაშე არსებული კრიზისებისა და ახალი გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მიმართ დასავლეთის ყურადღება არ უნდა შესუსტდეს.

შეხვედრებზე, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს. ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ „საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" ხელმოწერილი ოქმი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რესურსების ეფექტიანად გამოყენებას, ინვესტიციების განხორციელებას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას და კერძო კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას. ესტონეთის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ესტონელი ბიზნესმენები დაინტერესებულები არიან საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ტურისტული პოტენციალის გამოყენების გზებს. შეხვედრაზე აღინიშნა ესტონეთის მდიდარი გამოცდილება ელექტრონული მმართველობისა და ინოვაციების სფეროებში.

 

 
 


მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ