ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ოფიციალური ვიზიტი ესტონეთში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 2016 წლის 10-11 თებერვალს პირველი ოფიციალური ვიზიტით, ბიზნეს დელეგაციასთან ერთად, ესტონეთს ეწვია.

ვიზიტის პირველ დღეს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ოფიციალური შეხვედრები ესტონეთის პრეზიდენტთან ტოომას ჰენდრიკ ილვესთან, პრემიერ-მინისტრთან ტაავი რეივასთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან მარინა კალიურანდთან. საქართველოსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გაიმართა ერთობლივი პრეს-კონფერენცია. იმავე დღეს მიხეილ ჯანელიძე ესტონეთის მეწარმეობის მინისტრთან ლიიზა ოვიირთან ერთად, გახსნითი სიტყვით გამოვიდა ვიზიტის ფარგლებში გამართულ „საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმზე".

ვიზიტის მეორე დღეს შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური შეხვედრები ესტონეთის პარლამენტის პრეზიდენტთან ეიკი ნესტორთან და პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან სვენ მიქსერთან. მიხელ ჯანელიძე, ასევე, ეწვია ესტონეთის ელექტრონული სერვისების სადემონსტრაციო ცენტრს „e-Estonia"-ს და გამართა შეხვედრა „ესტონეთის წარმოების" მმართველი საბჭოს თავმჯდომარესთან ჰანნო ტომბერგთან. ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, საქართველოს საელჩოსა და ესტონეთის საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ერთობლივად ორგანიზებულ ღონისძიებაზე წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია". საჯარო ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ესტონეთში სასწავლებლად მყოფ ქართველ სტუდენტებთან.

ვიზიტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ორივე ქვეყნისთვის აქტუალური თემების განხილვა და საქართველოს პრიორიტეტულ საკითხებზე მსჯელობა, როგორც საქართველო-ესტონეთის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ასევე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების კონტექსტში. ესტონურ მხარესთან გამართული მაღალი დონის შეხვედრებისას დისკუსია წარიმართა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება; საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და ევროინტეგრაციის პროცესში ესტონეთის გამოცდილების გაზიარება; საქართველოსთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საბოლოო გადაწყვეტილების დროულად მიღება; ნატო-ს ვარშავის სამიტის მოლოდინები; უსაფრთხოების მდგომარეობა ქვეყანასა და რეგიონში.

გამართული შეხვედრებისას, ფართოდ იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა, როგორც საერთაშორისო მხარდაჭერის, ასევე, პარტნიორების განხილვის დღის წესრიგში საკითხის ყოფნის მნიშვნელობას. ესტონურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.

ვიზიტისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესზე და მოლოდინებზე. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ არსებითი ღონისძიებათა პაკეტით გათვალისწინებული ყველა ელემენტის განხორციელების დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობას და გამოითქვა იმედი, რომ სამიტზე სათანადოდ აისახება საქართველოს მიერ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი.

ესტონურმა მხარემ კვლავ გამოხატა მზადყოფნა აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით, მათ შორის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, განხორციელების კუთხით. დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და აღინიშნა, რომ უვიზო მიმოსვლა არის ის კონკრეტული შედეგი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირთან დაახლოების საშუალებას მისცემს. ესტონურმა მხარემ კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით.

ვიზიტისას გამართულ შეხვედრებზე ხაზგასმულ იქნა ესტონეთის „განვითარების თანამშრომლობის" კუთხით, წლების მანძილზე არსებული თანამშრომლობა და ამ მიმართულებით ესტონეთის დახმარებით განხორციელებული პროექტები, რაც ხელს უწყობს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმების იმპლემენტაციას. მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ესტონეთის „განვითარების თანამშრომლობის სტრატეგია" მომავალი წლებისთვის დიდწილად თანხვედრაშია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოთხპუნქტიანი რეფორმების პაკეტის შემდეგ მიმართულებებთან: ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება, საგადასახადო რეფორმა და მეწარმეობის ხელშეწყობა, ღია მმართველობა და ჩართულობა, განათლების სისტემის რეფორმა.

შეხვედრებზე მაღალი შეფასება მიეცა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივ ურთიერთობებს და უპრეცედენტოდ ნაყოფიერ თანამშრომლობას თითქმის ყველა სფეროში, მათ შორის თავდაცვისა და კიბერუსაფრთხოების, განათლებისა და კულტურის, სტრატეგიული კომუნიკაციების, სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო და კომუნიკაციების ტექნოლოგიების და სხვა მიმართულებებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ესტონეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე საგადასახადო სისტემის რეფორმირების კუთხით.

აღინიშნა, რომ მეტი პოტენციალი არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მხრივ და დადებითად შეფასდა ტალინში გამართული ბიზნეს-ფორუმი, რომელიც საქართველოსა და ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს თანაორგანიზებით, ასევე, ესტონეთში საქართველოს საელჩოს აქტიური ჩართულობით და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული დახმარების ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა. ბიზნეს-ფორუმზე, ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალურმა დირექტორმა მაიტ პალტსმა მიმოიხილა ესტონეთის მაკრო-ეკონომიკური პარამეტრები და ბიზნეს გარემო. ქართული მხრიდან პრეზენტაციები წარმოადგინეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნატო ჩიქოვანმა, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორმა გიორგი პერტაიამ და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ რუსუდან მამაცაშვილმა. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ათმა ქართულმა და 30-მდე ესტონურმა კომპანიამ, რომელთა საქმიანობის სფეროს წარმოადგენს: სამშენებლო და უძრავი ქონების ბიზნესი, მეთხილეობა, ალკოჰოლური სასმელების, საკვები, მათ შორის, თევზისა და რძის პროდუქტების წარმოებას. საქართველოში მოღვაწეობასა და წარმატებულ საქმიანობასთან დაკავშირებით ფორუმის მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარეს ესტონური კომპანიების Skinnest Group," „Go Group" და "Kaamos Group"-ის წარმომადგენლებმა, ამასთან შედგა 25-მდე პირისპირ შეხვედრა ბიზნეს-ფორუმში მონაწილე ქართულ და ესტონურ კომპანიებს შორის.

ტალინი

2016 წლის 12 თებერვალი

 
 


მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ