ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილის ვიზიტი ესტონეთში

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, თანმხლები დელეგაციით, მიმდინარე წლის 16-17 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით ესტონეთს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში შედგა კახა კახიშვილის ორმხრივი შეხვედრა ესტონეთის იუსტიციის მინისტრთან ურმას რეინსალუსთან. შეხვედრისას, მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე რეფორმების, მათ შორის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში მრავალი მიმართულებით განხორციელებულ ნაბიჯებზე, მიღწეულ პროგრესზე. ურმას რეინსალუმ პენიტენციის სისტემის რეფორმირების კუთხით, კახა კახიშვილს ესტონური გამოცდილება გაუზიარა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ესტონეთის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა, როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის, ასევე, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამ კონტექსტში, კახა კახიშვილმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესზე და ქვეყნის მიერ სრულად განხორციელებული ვალდებულებების გათვალისწინებით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დროულად შემოღების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი; აქვე მინისტრმა მადლიერება გამოხატა ესტონეთის მხარდაჭერის გამო. ორი ქვეყნის მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველო-ესტონეთის წარმატებული ორმხრივი ურთიერთობები და შეთანხმდნენ პენიტენციისა და პრობაციის სფეროში სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, ასევე მოინახულა ქ. ტარტუს ციხე და აღნიშნული სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელს რაინ იუკსს შეხვდა. მხარეებმა მსჯელობისას ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა: ციხეების ეფექტიანი მართვა, რისკების შეფასების გათვალისწინებით; რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამების მოქმედება; პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა კვალიფიციურობის უზრუნველყოფა და ამაღლება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ხულორდავამ და პენიტენციალური დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად მიხანაშვილმა ა.წ. 17 ივნისს განაგრძეს შეხვედრები და კონსულტაციები ესტონურ მხარესთან; კერძოდ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაციამ მოინახულა ესტონეთის უსაფრთხოების მეცნიერებათა აკადემია, სადაც ქართული მხარე დეტალურად გაეცნო ესტონეთის პენიტენციალური სისტემის თანამშრომელთა განვითარების, ტრენინგის და განათლების, მათ შორის, განსაკუთრებით უმაღლესი განათლების დონეზე არსებულ პროგრამებს.

იმავე დღეს, საქართველოს დელეგაცია ქ. იიჰვიში მდებარე ვირუს სასჯელაღსრულების დაწესებულებას ეწვია. ესტონურმა მხარემ წარმოადგინა ყოვლისმომცველი ინფორმაცია ციხის მართვის თანამედროვე მეთოდებთან დაკავშირებით, რაც, ძირითადად, ეფუძნება სექტორული მენეჯმენტის პრინციპებს; ყურადღება გამახვილდა სარეაბილიტაციო და რესოციალიზაციის პროგრამებზე, მათ ძირითად მიზნებსა და შედეგებზე; ხაზი გაესვა მსჯავრდებულთა დასაქმების შესაძლებლობებს, რომლის მნიშვნელოვან ასპექტს, შესაბამისი ანაზღაურებით - სავალდებულო ხასიათის შრომა წარმოადგენს.

ვიზიტის შემაჯამებელი შეხვედრა თამარ ხულორდავამ და ზვიად მიხანაშვილმა გამართეს ესტონეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს გენერალური მდივნის მოადგილესთან სასჯელაღსრულების საკითხებზე პრიიტ კამასთან, რომელშიც მონაწილეობას იღებდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანი. შეხვედრაზე მხარეთა მიერ გამართული მსჯელობა შეეხო პენიტენციალური და პრობაციის სფეროში ორი ქვეყნისთვის არსებულ პრიორიტეტულ მიმართულებებს და მიზნად ისახავდა გამოცდილების გაზიარებას, ისევე როგორც თანამშრომლობის შემდგომი კონკრეტული გზების განსაზღვრას. საქართველოს დელეგაციამ ვრცლად ისაუბრა ამ მიმართულებებით ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე.

ესტონეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი, ესტონეთის იუსტიციის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და კოორდინაციით, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.

 
 


მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ