ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს ელჩის შეხვედრა სტუდენტებთან

საქართველოს საელჩოსა და ესტონეთის „არქიმედეს ფონდის" ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, ესტონეთის მუსიკისა და თეატრის აკადემიაში მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, გაიმართა შეხვედრა ესტონეთის უნივერსიტეტების ქართველ სტუდენტებთან. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ესტონელმა სტუდენტებმაც, გამომდინარე იქიდან, რომ შეხვედრა ორიენტირებული იყო ხალხთა შორის შემდგომი კონტაქტების დამყარებასა და კეთილმეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა ახვლედიანმა, რომელმაც სტუდენტებთან განიხილა საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებული სამაგალითო ურთიერთობები, თანამშრომლობის დინამიკა, საელჩოს საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები, მათ შორის განათლების სფეროში, და მიღწეული კონკრეტული შედეგები. ელჩმა ისაუბრა საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტებსა და სტრატეგიულ მიზნებზე; ხაზი გაესვა ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ; ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე და განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა უახლოეს მომავალში საქართველოსთვის ევროკავშირის სავიზო რეჟიმის გაუქმების მნიშვნელობაზე. თეა ახვლედიანმა სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მადლიერება გამოთქვა ესტონური მხარის მიმართ საქართველოს ახალგაზრდა თაობისთვის ესტონეთში განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფისათვის.

ღონისძიების გახსნით ნაწილში, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ესტონეთის მუსიკისა და ხელოვნების აკადემიის ვიცე-რექტორი მარგუს პიარტლასი და ესტონეთის „არქიმედეს ფონდის" თავმჯდომარე რაიტ ტოომპერე. ესტონელი გამომსვლელების მიერ მადლიერება გამოიხატა ესტონეთში საქართველოს საელჩოს მიმართ, თანამშრომლობისა და პარტნიორობისთვის; აღინიშნა ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში ურთიერთობების გაღრმავებისა და ქართველი სტუდენტების ესტონეთში მოღვაწეობის მნიშვნელობა; ხაზი გაესვა საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს.

მრავალკომპონენტიანი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონცერტი ესტონეთის მუსიკის აკადემიის სტუდენტის ლეო დუბოვსკის შესრულებით. ღონისძიება სიმბოლური მიღებით დასრულდა.

 

 
 


მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12
14 15 16 17 18 19 20
21 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ