ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ვიზიტი ესტონეთში

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მიმდინარე წლის 26-27 იანვარს ოფიციალური ვიზიტით ესტონეთს ეწვია. მინისტრის თანმხლები დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია. დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა ახვლედიანი.

ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრები ესტონეთის თავდაცვის მინისტრთან მარგუს ცაჰკნასთან და ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ჰანნეს ჰანსოსთან. ლევან იზორია ასევე ეწვია ემარის საჰაერო ბაზას, საიდანაც ხორციელდება ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცის პატრულირება ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ავიაციის მიერ; მინისტრი ასევე ესტუმრა ქალაქ ტარტუში მდებარე ბალტიის თავდაცვის კოლეჯს და გვირგვინით შეამკო ესტონეთის თავისუფლებისათვის ომში გამარჯვების მონუმენტი. ვიზიტის ფარგლებში, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ შეხვედრა გამართა ესტონეთის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალთან ინდრეკ სირელთან.

მარგუს ცაჰკნასთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კოლეგას ესტონეთის პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს თავდაცვის უწყებაში გატარებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრებმა უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. ასევე განხილულ იქნა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის არსებული და სამომავლო გეგმები. ლევან იზორიამ ყურადღება გაამახვილა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული პროექტების იმპლემენტაციის პროცესსა და ამ კონტექსტში ესტონელი ექსპერტის ჩართულობის მნიშვნელობაზე; სამხედრო განათლების კუთხით გამოცდილების გაზიარებასა და კიბერუსაფრთხოების სფეროში სამომავლო თანამშრომლობაზე. აღინიშნა საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ესტონეთის თავდაცვის ლიგას შორის არსებული თანამშრომლობა და ეროვნული გვარდიის სკოლის განვითარებაში ესტონური მხარის წვლილი. სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების წარმატებული თანამშრომლობის ფორმატისა და ორივე რეგიონის ცალკეული ქვეყნების მხრიდან საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გათვალისწინებით, მხარეებმა განიხილეს ამ მიმართულებით ერთობლივი თანამშრომლობის სამომავლო გზები.

„ესტონეთსა და საქართველოს თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო და პრაქტიკული თანამშრომლობა აკავშირებთ. ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სპეციალური პროგრამები არსებობს. ქართველი სტუდენტები ესტონეთის უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში გადიან სხვადასხვა კურსს. გარდა ამისა, ესტონეთი აგრძელებს საქართველოს ოკუპაციაზე კითხვების დასმას საერთაშორისო არენაზე. ჩვენ ვალდებულები ვართ ყველას შევახსენოთ, რომ რუსეთი კვლავ უქმნის პრობლემებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო სამართლით აღიარებულ საზღვრებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვებია და თავდაცვის მინისტრთან პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ" - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ბალტიის თავდაცვის კოლეჯში ქართულ დელეგაციას სამხედრო სასწავლებლის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ანდის დილანსმა უმასპინძლა და კოლეჯის სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. აქვე, მინისტრმა შეხვედრა გამართა თავდაცვის კოლეჯის ქართველ მსმენელებთან და ხაზი გასუვა თავდაცვის სამინისტროს წარმატებაში მაღალ კვალიფიციური კადრების როლის მნიშვნელობას.

ემარის საავიაციო ბაზაზე სტუმრობისას, ქართული დელეგაციის წევრები გაეცნენ ესტონეთის საჰაერო ძალების შესახებ ინფორმაციას, ნატო-ს საჰაერო პატრულირების მისიის საქმიანობასა და ემარის ბაზის ინფრასტრუქტურას, ასევე, დაესწრნენ სამხედრო თვითმფრინავების საწვრთნელ ფრენებს.

ესტონეთის თავდაცვის ძალების შტაბში გამართულ შეხვედრაზე, ესტონურმა მხარემ ქართველ კოლეგებს გაუზიარა ინფორმაცია ესტონეთის შეიარაღებული ძალების სტრუქტურის, ასევე, გაწვევისა და რეზერვის სიტემების შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე.

ვიზიტის დასასრულს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ესტონელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

 
 


მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ