ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს ელჩის შეხვედრა ესტონეთის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანმა, 2017 წლის 19 აპრილს, ესტონეთის ბიზნეს სექტორის და შესაბამისი საჯარო უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელიც ესტონეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანა-ორგანიზებით განხორციელდა.

საქართველო-ესტონეთის ეკონომიკური თანამშრომლობის და ბიზნეს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების ხელშესაწყობად გამართული ღონისძიების ძირითადი მიზანი იყო, ესტონელი პარტნიორებისთვის საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის და ბიზნეს გარემოს, საინვესტიციო შესაძლებლობების, წარმოების განვითარების, ექსპორტის ხელშეწყობის, ტურისტული პოტენციალის, ისევე როგორც, ბოლო პერიოდში საქართველოში განხორციელებული წარმატებული რეფორმების და მათი შედეგების შესახებ უახლესი ინფორმაციის მიწოდება. ამასთან, ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც ბიზნესის წარმოების რეგიონული ჰაბის მზარდ მნიშვნელობაზე. აგრეთვე, დეტალურად იქნა განხილული საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხ-პუნქტიანი გეგმა და ეროვნული ეკონომიკის შემდგომი ზრდის მასტიმულირებელი მექანიზმები, მათ შორის - „აწარმოე საქართველოში", „უმასპინძლე საქართველოში", „გადაიღე საქართველოში", „ისწავლე საქართველოში" და სხვ. საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებსაც და გამოხატული ინტერესის შესაბამისად, ესტონელ პარტნიორებს გადაეცათ შესაბამისი საინფორმაციო მასალა; ხსენებულის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

დამსწრე საზოგადოებამ საინტერესოდ და სასარგებლოდ მიიჩნია ამ ფორმატით გამართული ღონისძიება და მასზე წარმოდგენილი ინფორმაცია; ესტონელი პარტნიორების მხრიდან დამატებით გამოხატული დაინტერესება შეეხებოდა, ძირითადად, ისეთ სფეროებს, როგორიცაა: ტურიზმი, შრომითი ბაზარი, ახალი რეგულაციები და სამომავლო გეგმები.

ღონისძიებაში მონაწილეობა ათამდე ესტონური კომპანიის წარმომადგენელმა მიიღო, რომელთა საქმიანობა ძირითადად უკავშირდება სამშენებლო და უძრავი ქონების ბიზნესს, ენერგეტიკის, ვაჭრობის და სოფლის მეურნეობის სექტორებს. შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო ეკონომიკის და განვითარების თანამშრომლობის დეპარტამენტის, "Enterprise Estonia"-ს საინვესტიციო სააგენტოს და ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები.

საქართველოში მოღვაწეობისა და წარმატებულ საქმიანობასთან დაკავშირებით შეხვედრის მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარა ესტონური კომპანია Skinnest Group,"-ის წარმომადგენელმა.

 
 


მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ