ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ესტონეთში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა (26 მაისი, 1918) და საქართველო-ესტონეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი (17 ივნისი, 1992) მიძღვნილი ერთიანი საზეიმო ღონისძიება ქალაქ ტალინში 2017 წლის 22 მაისს გაიმართა. წლევანდელ მიღებაზე გათვალისწინებული იყო არაერთი თემატური კომპონენტი, რომელიც შესაბამისი კონცეპტუალური სახით იქნა წარმოდგენილი. მიღებაზე დამსწრე სტუმართა შორის იყვნენ ესტონეთის პარლამენტის პრეზიდენტი და სხვა მაღალი დონის ოფიციალური პირები, მთავრობის და პარლამენტის წევრები, ესტონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, პრემიერ მინისტრისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციების, ქართული დიასპორის, ადგილობრივი სამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, აკადემიური, კულტურული, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანმა, რომელმაც ქვეყანა - ტრადიციულ ეროვნულ პერსპექტივასთან ერთად, უფრო ფართო - ევროპულ კონტექსტში წარმოაჩინა. აღნიშნული მიდგომის მნიშვნელობას განსაკუთრებით ხაზი გაესვა 2017 წლის მეორე ნახევარში ესტონეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობისა და ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის, რამდენიმე თვის წინ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებისა და ევროინტეგრაციის კუთხით ქვეყნის მიღწევების, ამჟამინდელი პრიორიტეტებისა და სამომავლო ამოცანების თვალსაზრისით; ამასთანავე ხაზი გაესვა 2017 წელს რომის ხელშეკრულების მე-60 წლისთავის აღნიშვნისა და მიღებული რომის დეკლარაციის მნიშვნელობას. ღონისძიების ფარგლებში ორგანიზებული გამოფენის სახით, სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გასცნობოდნენ საქართველოს უძველესი ისტორიის ევროპულ ფურცლებს (გამოფენა გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით). ელჩმა ასევე ისაუბრა თანამედროვე საქართველოს მიერ, საერთაშორისოდ აღიარებულ მიღწევებზე, რაც ქვეყნის წინაშე არსებული უმძიმესი უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე ხორციელდება. ღონისძიებისას ასევე, საგანგებოდ აღინიშნა საქართველო-ესტონეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ საუკუნოვან მეგობრობას და თანამშრომლობის ყველა მიმართულებით უპრეცედენტოდ განვითარებულ ორმხრივ ურთიერთობებს. მოეწყო ქართულ-ესტონური ეროვნული კუთხე ტრადიციული ნაკეთობებითა და ნივთებით; წარმოდგენილ იქნა ქართული სამზარეულოს კერძები, რომელიც საგანგებოდ წლევანდელი მიღებისთვის ესტონელი და ფრანგი მზარეულების მიერ მომზადდა.

საქართველოსა და ესტონეთის ეროვნული ჰიმნები შეასრულა ახალგაზრდა ესტონელმა მომღერალმა (საქართველოში ესტონეთის ყოფილი ელჩის ვაჟმა); ამასთან, სტუმართა მისალმებისას, ესტონეთის მუსიკისა და თეატრის აკადემიის სტუდენტთა მიერ შესრულდა ბიზეს, შუმანისა და ვერდის ნაწარმოებები, ისევე როგორც ცნობილი ქართული ჰანგები. ღონისძიების მსვლელობისას, საქართველოს ისტორიულ-კულტურული და ტურისტული პოტენციალის სათანადოდ ასახვის მიზნით, ეკრანზე წარმოდგენილ იქნა შესაბამისი ვიდეომასალა.

ღონისძიების ერთ-ერთ უმთავრეს კომპონენტს წარმოადგენდა, ცნობილი ესტონელი ჯაზ მუსიკოსების - ვილლუ ვესკისა (აღსანიშნავია, რომ მან თავისი საერთაშორისო მუსიკალური კარიერა თბილისის 1986 წლის ჯაზ-ფესტივალში მონაწილეობით დაიწყო) და ტიიტ კალლიუსტეს მიერ შესრულებული მუსიკალური პროგრამა. „Cross Cane Dance”, “Niño Bien” და რევაზ ლაღიძის „თბილისო“-სთან ერთად, შესრულდა ქართულ და ესტონურ მოტივებზე საგანგებოდ ამ მიღებისთვის შექმნილი კომპოზიცია, რომლის დროსაც დიდ ეკრანზე წარმოდგენილ იქნა სპეციალურად შემუშავებული ფოტო-ვიდეო კოლაჟი, შესაბამისი გზავნილებით; სადაც ძირითადად წარმოჩინდა საქართველოს ისტორია და ტრადიციები; არქიტექტურა და კულტურა, ისევე როგორც ევროპული საქართველოს მიღწევები და საქართველო-ესტონეთის მტკიცე და ურყევი მეგობრობა.

ტალინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღების მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, კომპანია ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი" და ტალინის კულტურის დეპარტამენტი.

 

ღონისძიების ამსახველი ფოტოები

 
 


მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ