ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა

  ესტონეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, ტალინში 7 ივლისს გამართული, ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობის მიღების მიზნით, ესტონეთს მიმდინარე წლის 6-8 ივლისს, ვიზიტით საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ეწვივნენ, თანმხლები დელეგაციებით.  

არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში, ევროკავშირის საბჭოს „ტრიოს“ თავმჯდომარეობის წარმომადგენლები - ესტონეთის, ბულგარეთისა და ავსტრიის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები, შეხვდნენ კოლეგებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 6 ქვეყნიდან. შეხვედრას, ევროპული მხრიდან, ასევე, ესწრებოდნენ ევროკომისარი მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი, ასევე, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროპოლისა და ევროჯასთის მაღალი რანგის წარმომადგენლები.

ღონისძიებისას, მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სფეროებში თანამშრომლობის მნიშვნელობას და პრიორიტეტული მიმართულებებით დიალოგის როლს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ნოემბრის სამიტის მოსამზადებელ პროცესში. აღინიშნა ორივე სფეროში 2020 წლისთვის დასახული ამოცანები; მინისტერიალის კონკრეტული მსჯელობა ისეთ აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა, როგორიცაა: კიბერდანაშაულის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მართლმსაჯულების რეფორმა და საზღვრის მართვა. მინისტერიალის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ განეხილათ ხსენებული მიმართულებებით თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები, განესაზღვრათ არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები. მინისტრებმა დაადასტურეს მზაობა განაგრძონ ერთობლივი ძალისხმევა კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის გაზრდისა და ამ კუთხით, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, იმსჯელეს არსებულ სამართლებრივ და ოპერატიულ გამოწვევებზე; ამასთანავე, შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და მისი პრევენციის მნიშვნელობას; ასევე, ამ კონტექსტში - ელექტრონული მმართველობის ინიციატივების განსაკუთრებულ როლს.

საქართველოს იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრებმა, სიტყვით გამოსვლისას ისაუბრეს, ზემოაღნიშნული მიმართულებებით, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული შედეგების შესახებ. ორივე მინისტრმა აღნიშნა ევროინტეგრაციის პროცესის წარმატებით განხორციელებასა და შესაბამისი მიმართულებებით ევროპული სტანდარტების დანერგვაში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ და მის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობებისა და ფორმატების როლი.  

ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, თავის გამოსვლაში აქცენტი გააკეთა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ სტრატეგიაზე 2017-2020 და ორწლიან სამოქმედო გეგმაზე, რომელშიც ცალკე სექცია ეთმობა კიბერდანაშაულის საკითხს. მან ასევე ისაუბრა კიბერუსაფრთხოების სტრატეგიაზე 2017- 2018, რომელიც მიმართულია საინფორმაციო ინფრასტრუქტურის დაცვისკენ. კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, შესაძლებლობების განვითარების კუთხით - მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა, როგორც ესტონეთის მთავრობის მხარდაჭერას, ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში მიმდინარე საპოლიციო თანამშრომლობის პროექტს.

თავის მხრივ, მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს სახელით იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარმოადგინა, ორი ინიციატივა: სამოქალაქო და კომერციულ საკითხებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების სფეროში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების რეგიონული ქსელის შექმნის და მართლმსაჯულების რეფორმის თაობაზე გამოცდილების გაზიარების ხელშესაწყობად, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სახელმწიფოებში ყოველწლიური კონფერენციების ორგანიზების თაობაზე. ევროკომისარმა ავრამოპულოსმა, ისევე როგორც ესტონეთის იუსტიციის მინისტრმა და შეხვედრის სხვა მონაწილეებმა, დადებითად შეაფასეს ინიციატივები, რომლებიც საქართველოს სახელით გაჟღერდა და მინისტერიალის ესტონეთის თავმჯდომარეობის შემაჯამებელ განცხადებაში აისახა.

ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობის პარალელურად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, მიმდინარე წლის 6-7 ივლისს, ტალინში გამართა ორმხრივი შეხვედრები ესტონეთის, ესპანეთის, ფინეთის, ბულგარეთის, მალტისა და ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრებთან.

გიორგი მღებრიშვილმა უცხოელ კოლეგებს გააცნო, საქართველოს ევროინტეგრაციის პრიორიტეტები, ბოლო სამი წლის განმავლობაში მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები და შსს-ს როლი ამ პროცესში; საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა, ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე საგანგაშო განვითარებების ჩათვლით; მინისტრმა ასევე ისაუბრა, უწყებაში მრავალი მიმართულებით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე; საქართველოსა და ევროპოლს შორის გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობაზე ოპერატიული და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, ასევე, საერთაშორისო ხელშეკრულებებზე, რომელთა საფუძველზეც, ხორციელდება ეფექტური თანამშრომლობა. მან ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობაზე, ამ კუთხით მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე. კოლეგებს შორის განხილულ იქნა სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული წარმატებული პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 7 ივლისს ესტონელ კოლეგასთან შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივ დეკლარაციას, ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით.     

თავის მხრივ, უცხოელმა კოლეგებმა მეტად დადებითად შეაფასეს, პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, ქართულ მხარესთან გამართული ორმხრივი შეხვედრები; ამასთან, მიესალმნენ და ხაზი გაუსვეს საქართველოს მიღწევებს - განხორციელებული რეფორმებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებებით; ასევე ისაუბრეს, შინაგან საქმეთა უწყებებს შორის ორმხრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის შემდგომი განვითარების კონკრეტულ გზებზე და გამოცდილების გაზიარების, ისევე როგორც  ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობაზე.

 

 

 
 


მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ