ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ქართული დიასპორა ესტონეთის რესპუბლიკაში

ქართველების ინტერესი ესტონეთისადმი, კერძოდ, ტარტუს უნივერსიტეტისადმი გაიზარდა XIX ს-ის დასასრულსა და XX ს-ის დასაწყისში. ამ პერიოდში ტარტუს უნივერსიტეტში განათლება მიიღო დაახლოებით 400 ქართველმა. XIX საუკუნის 90-იანი წლებისათვის ტარტუში ქართული სათვისტომო შეიქმნა, მასთან ბიბლიოთეკა არსებობდა. 1908 წელს ქართული სათვისტომოს ლეგალიზაცია მოხდა. სათვისტომოს საპატიო წევრები იყვნენ ქართველი კლასიკოსები: აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, დავით კლდიაშვილი და სხვ. ასევე, 1906 წელს დაარსდა და 1908 წელს ლეგალიზება მოხდა, ფაქტობრივად, ქართული ორგანიზაციისა – „კავკასიელ სტუდენტთა საზოგადოება“. ტარტუს უნივერსიტეტის კურსადმთავრებულთა შორის არიან: გრიგოლ რობაქიძე, აკაკი პაპავა, კიკნა ფშაველა (სიმონ ბადურაშვილი), ვახტანგ კოტეტიშვილი, კოტე ფოცხვერაშვილი, სეით დევდარიანი, პეტრე ჭაბუკიანი და სხვ.

ამჟამად ესტონეთის რესპუბლიკაში დაახლოებით 450-500 ქართველი ცხოვრობს. ოჯახები, ძირითადად შერეულია, ზოგი საქართველოდან წასული ესტონელია, ზოგიც ესტონურ-ქართული ოჯახის წარმომადგენელი, რომელთაც 90-იანი წლების მდგომარეობამ უბიძგა მეორე სამშობლოში წასულიყვნენ. მიუხედავად ქართველების არცთუ დიდი რაოდენობისა, ესტონეთში რამდენიმე სათვისტომო და დიასპორული ორგანიზაცია არსებობს: ე.წ. ქოლგა ორგანიზაცია „ქართული სახლი“ – ქ. ტალინი, თავმჯდომარე ზაზა წერეთელი; აღნიშნულ ორგანიზაციაში გაერთიანებულია ესტონურ-ქართული კულტურული სათვისტომო „მამული“ – ქ. ტალინი, თავმჯდომარე - ზაზა წერეთელი; ტალინის ქართული ნაციონალური სათვისტომო „ივერია“ – ქ. ტალინი, თავმჯდომარე - ვლადიმირ ჟურიარი;  ქალთა საზოგადოება „სალმე“ – ქ. ტალინი, თავმჯდომარე - ალექსანდრა ელლერი; „შრომა“ – ქ. კივიოლი, თავმჯდომარე - თეიმურაზ ქარდავა; საზოგადოება „ბათუმი“, რომელსაც ამჟამად ხელმძღვანელი არ ჰყავს. ასევე, „ქართული სახლის“ შემადგენლობაში შედიან: ქართული ხალხური ანსამბლი „მამული“ – ქ. ტალინი, ხელმძღვანელი - გივი მამუჩარაშვილი; ქართული საკვირაო სკოლა „მზიური“ - ქ. ტალინი, ხელმძღვანელი - ქეთევან ფალელაშვილი.

ზემოხსენებულთან ერთად, ქ. ტალინში ფუნქციონირებენ: დიასპორული ორგანიზაცია „სამშობლო“ - იმედი კეკეიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც ესტონეთში არსებული ნაციონალური უმცირესობების გამაერთიანებელი ქოლგა ორგანიზაციის „ლირას“ შემადგენლობაში შედის და „კავკასია“, რომლის თავმჯდომარე, ესტონეთში მოღვაწე უხუცესი ქართველი - გიორგი ძმანაშვილი გახლავთ.

 

ზოგადად აღსანიშნავია, რომ ესტონეთში მოღვაწე ქართველებმა, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სამეწარმეო, აკადემიურ და სამედიცინო სფეროებში - შესამჩნევ წარმატებებს მიაღწიეს და ამჟამად, ესტონური საზოგადოების საპატიო წევრებად ითვლებიან. 

 
 


მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ