საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვიზიტი ესტონეთში

2022 წლის 27-28 აპრილს, ტალინ, ორდღიანი ვიზიტით ეწვია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს დელეგაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის იური ნოზაძის ხელმძღვანელობით. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ესტონეთის გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილესთან მარკუ ლამპთან,  ესტონეთის გარემოს დაცვის ბორდის გენერალურ დირექტორთან რაინერ ვაკრასთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.

ოფიციალური შეხვედრების გარდა სამინიტროს წარმომადგენლებისათვის მოეწყო გასვლითი ტური ლაჰემას ეროვნულ პარკსა  და ვირუს ჭაობზე. ლაჰემას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში გაიხსნა საქართველოს ეროვნული პარკების ფოტო-გამოფენა.

ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის პალმსეს ისტორიულ მამულში, ხელი მოეწერა ,,თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ესტონეთის გარემოს დაცვის ბორდს შორის პარკებისა და დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის, კვლევებისა და კონსერვაციის სფეროში“.

მემორანდუმის ხელმოწერა სიმბოლურად განხორციელდა საქართველო-ესტონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის აღსანიშნავად.