თეიმურაზ ჯანჯალია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს შეხვდა
022 წლის 8 ნოემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია, საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს (მინისტრის პირველი მოადგილე) იონათან ვსევიოვს შეხვდა. ესტონელმა დიპლომატმა საქართველოში ვიზიტი საოკუპაციო ხაზის მონახულებით დაიწყო.
საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. თეიმურაზ ჯანჯალიამ მკაფიოდ განაცხადა, რომ აუცილებელია ესტონურ მხარესთან რეგულარული პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება ყველა დონეზე. ამასთან, აღნიშნა მაღალი დონის ვიზიტების აქტიური გაცვლისა და ესტონეთის ტრადიციულად მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობა მიმდინარე რთულ, ცვალებად გარემოში.
ევროპულ ინტეგრაციაზე საუბრისას, ხაზი გაესვა საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების შეუქცევადობას. მინისტრის მოადგილემ აქცენტი გააკეთა საქართველოს მხრიდან როგორც ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების, ისე ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარე პროცესზე. ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით. აღინიშნა საქართველოს მოლოდინები მომავალ წელს დაგეგმილ სამიტთან დაკავშირებით და ამ მხრივ ესტონეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა.
შეხვედრაზე გაიცვალა მოსაზრებები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ფონზე. თეიმურაზ ჯანჯალიამ ესტონელ კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ უკრაინისა და უკრაინელი ხალხისათვის გაწეული პოლიტიკური, დიპლომატიური თუ ჰუმანიტარული დახმარების შესახებ. ხაზი გაესვა უკრაინის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე სოლიდარობის აუცილებლობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რთულ ვითარებასა და საქართველოს წინაშე მდგარ საფრთხეებზე. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები აქტიურად შენარჩუნდეს ევროპელ პარტნიორთა დღის წესრიგში. გენერალურმა მდივანმა, თავის მხრივ, დაადასტურა ესტონეთის მტკიცე და შეუქცევადი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ - როგორც ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ისე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით.