ქართული დიასპორა ესტონეთის რესპუბლიკაში
ქართველების ინტერესი ესტონეთისადმი, კერძოდ, ტარტუს უნივერსიტეტისადმი გაიზარდა XIX ს-ის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში. ამ პერიოდში ტარტუს უნივერსიტეტში განათლება მიიღო დაახლოებით 400-მა ქართველმა. XIX საუკუნის 90-იანი წლებისათვის ტარტუში ქართული სათვისტომო შეიქმნა, მასთან ბიბლიოთეკა არსებობდა.
1908 წელს ქართული სათვისტომოს ლეგალიზაცია მოხდა. სათვისტომოს საპატიო წევრები იყვნენ ქართველი კლასიკოსები: აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, დავით კლდიაშვილი და სხვ. ასევე, 1906 წელს დაარსდა და 1908 წელს ლეგალიზება მოხდა, ფაქტობრივად, ქართული ორგანიზაციისა – „კავკასიელ სტუდენტთა საზოგადოება“. ტარტუს უნივერსიტეტის კურსადმთავრებულთა შორის არიან: გრიგოლ რობაქიძე, აკაკი პაპავა, კიკნა ფშაველა (სიმონ ბადურაშვილი),ვახტანგ კოტეტიშვილი, კოტე ფოცხვერაშვილი, სეით დევდარიანი, პეტრე ჭაბუკიანი და სხვ.
ამჟამად ესტონეთის რესპუბლიკაში დაახლოებით 450-500 ქართველი ცხოვრობს.
ოჯახები, ძირითადად, შერეულია, ზოგი საქართველოდან წასული ესტონელია, ზოგიც ესტონურ-ქართული ოჯახის წარმომადგენელი, რომელთაც 90-იანი წლების მდგომარეობამ უბიძგა მეორე სამშობლოში წასულიყვნენ. მიუხედავად ქართველების არცთუ დიდი რაოდენობისა, ესტონეთში რამდენიმე სათვისტომოდა ორგანიზაცია არსებობს.
ქართული დიასპორული გაერთიანება - „ქართული სახლი“ დაარსდა 2009 წელს, ქ ტალინი, თავმჯდომარე: ლევან გორელაშვილი.
ორგანიზაციის მიზნებია ესტონეთში მცხოვრებ თანამემამულეებში ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ქართველების გაერთიანება. „ქართული სახლი“აერთიანებს ესტონეთში მოქმედ ძირითად სათვისტომო ორგანიზაციებს:
- ესტონურ ქართული კულტურული სათვისტომო „მამული“, ქ. ტალინი, თავმჯდომარე: იაშა ყურშუბაძე;
- ქართული კულტურული გაერთიანება „აჭარა“/“ბათუმი“, ქ. ტალინი, თავმჯდომარე: ვალერიან წუწუნავა;
- ტალინის ქართული ნაციონალური სათვისტომო „ივერია“ – ქ. ტალინი,თავმჯდომარე: ვლადიმირ ჟურიარი;
- ქალთა საზოგადოება „სალმე“ – ქ. ტალინი, თავმჯდომარე: ალექსანდრა ელლერი;
- „ბალტიის ინტეგრაციული საზოგადოება“ – ქ. ტარტუ, თავმჯდომარე: ვაჟა გორელაშვილი;
- „ვირუ ჯორჯია“ – ქ. კივიოლი, თავმჯდომარე: თეიმურაზქარდავა.
„ქართული სახლის“ ბაზაზე ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა "მზიური" ( ხელმძღვანელი: ქეთევან ფალელაშვილი), ქართული ცეკვის სტუდია "ჯუთა", ასევე, ქართული ხალხური ანსამბლი „მამული“ – ქ. ტალინი, თავმჯდომარე: გივი მამუჩარაშვილი.
გარდა ამისა, ნაციონალურ-კულტურული საზოგადოებების საერთაშორისო გაერთიანება „ლირაში“ შემავალი ქართული საზოგადოება„სამშობლო“ დაარსდა 2013 წელს, ხელმძღვანელი: იმედი კეკეიშვილი. ორგანიზაციის მიზნებია ესტონეთში მცხოვრებ თანამემამულეებში ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ესტონეთში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების ხალხებს შორის ურთიერთგაგების, დიალოგისა და შემწყნარებლობის ხელშეწყობა.
ესტონეთში საქართველოს წარმომადგენლებმა შესამჩნევ წარმატებებს მიაღწიეს და ადგილობრივ საზოგადოებაში ადგილი დაიმკვიდრეს.