ქართული სამზარეულოს მასტერკლასი ტალინში
21 ნოემბერს, ქართული სამზარეულოს გაცნობისა და პოპულარიზაციის, ასევე საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, კულინარიისა და ტურიზმის მიმართულებით მოღვაწე ჟურნალისტებისათვის, ტურისტული კომპანიებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისათვის ქართული სამზარეულოს მასტერკლასი გაიმართა.
ყოველწლიური ღონისძიება სახელწოდებით „ქართული სამზარეულო და სუფრა“ ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ ყარაულაშვილმა გახსნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მოკლედ გააცნო საქართველოს ტურისტული პოტენციალი, ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება და კულინარიასთან დაკავშირებული ტრადიციები. საქართველოს ელჩმა ისაუბრა სახელმწოფოს პოლიტიკისა და ინიციატივების თაობაზე მცირე ბიზნესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით.
ქართული სამზარეულოს მასტერკლას ტალინის ქართული რესტორნის ,,ტავერნა თბილისის“ შეფ მზარეული, მამუკელ გორელაშვილი უძღვებოდა, რომელმაც მოსულ სტუმრებს ტრადიციული კერძების, მათ შორის ხინკლის, ხაჭაპურის მომზადება ასწავლა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო რამდენიმე სახის ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქცია, მათ შორის ჩაი და ღვინო. კომპანიების წარმომადგენელთა მიერ გაკეთდა პროდუქციის პრეზენტაციები. მასტერკლასის მსვლელობისას სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ჩაისა და ღვინის სხვადასხვა სახეობა.